საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. ბახტაძემ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ყოფილი პრემიერი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის მტრების მთავარი სამიზნე იყო, რადგან გრძნოდნენ, რომ "ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა".

"მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა", — წერს ბახტაძე.

დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მოგვიანებით მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პიდარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.

სინოდის განცხადებით, მეუფე პეტრეს ცოდვის მოუნანიებლობის გამო შეუჩერეს მღვდელმსახურების უფლება და მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.