ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ჰაკერებისგან მუქარის წერილი მიიღეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს აცნობეს.

ტელეკომპანიის გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ წერილი, რომლის გამოგმზავნიც Black Mirror (შავი სარკე) არის, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან და იმ ვებ-გვერდებთან არის გაგზავნილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევისას დაკარგეს.

წერილში ვკითხულობთ, რომ კიბერთავდასხმისას ჰაკერებმა სერვერებიდან მოიპოვეს მასალები, რომელსაც მალავდნენ. მათი თქმით, თუ ტელეკომპანია და სხვა ადრესატები 500 ბიტკოინს არ ჩარიცხავენ მათ ანგარიშზე, მომდევნო თავდასხმა უფრო მასშტაბური იქნება და აღნიშნულ მასალებსაც გაასაჯაროებენ.

"ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე და შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში. თქვენც მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორამაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი ისევ უგულებელყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისევ ისეთი გრანდიოზული ეფექტით, როგორც ეს თავდასხმა იყო", — წერენ სავარაუდო ჰაკერები.

წერილის ავტორები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი კიბერშეტვა მათი დაგეგმილი იყო და ამტკიცებენ, რომ არ წარმოადგენენ რომელიმე პარტიას.

"ჩვენ არ გვაინტერესებს სააკაშვილი და არც ივანიშვილი. ეს იყო, უბრალოდ, დაცინვის ჟესტი (I'LL BE BACK)", — წერენ ისინი და ამატებენ, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".

ფოტო: ტელეკომპანია პირველი

28 ოქტომბერს ათასობით ვებგვერდზე დაჰაკვის შედეგად გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც ჰქონდა წარწერა: I ll be back (მე დავბრუნდები). სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს განცხადებით, ამ გამოძიების ფარგლებში მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო.