"მიუღებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება პირადი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის", — ასე ეხმაურება თანასწორობის მოძრაობა მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ილია მეორე "პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვითაა" შეპყრობილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს, როდესაც თავად საპატრიარქოა ჰომოფობიური შეტევის სამიზნე, ეს ლგბტ ადამიანების ცხოვრებას აზარალებს. მათი თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტ პეტრეს დაპირება, რომ იგი მოიყვანს ორ მოწმეს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

"ერთი მხრივ საპატრიარქოს მტრული პოზიცია ლგბტ თემის მიმართ და მეორე მხრივ განცხადებები ეკლესიის მეთაურის ჰომოსექსუალობის შესახებ, შესაძლოა, სკანდალურად ჟღერდეს, მაგრამ ამან მაინც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უცნობი, საეკლესიო სამართლის რიტორიკას ეფუძნება, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა გავემიჯნოთ", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, საპატრიარქო და მასთან აფილირებული ჯგუფები განცხადებებით, ქადაგებებითა თუ საჯარო მსვლელობებით, ყოველთვის ახალისებდნენ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და ხელს უშლიდა ლგბტ ადამიანების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის.

"ამ ხისტმა პოზიციამ განსაკუთრებით დააზარალა ლგბტ მოძრაობის მცდელობა, დაეცვა თემის უფლებები. ამის საილუსტრაციოდ კმარა 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება ოჯახების სიმტკიცის დღედ და ყოველ 17 მაისს ჰომოფობიური მსვლელობების გამოჩენა თბილისის ქუჩებში მღვდელმსახურების მონაწილეობით", — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ თქვა, რომ ილია მეორე პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი". მისივე თქმით, მამათმავლობის მხილების გამო პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.