ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი გადაწყდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, სადაც სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

მეუფე პეტრეს თქმით, ის კვლავ თავის პოზიციაზეა და ურჩევნია, "სიმართლისთვის დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს".

"რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თუ დღევანდელი დღე და სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პირატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია", — თქვა მან.

სინოდის სხდომა საპატრიარქო 12:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე, სავარაუდოდ, მეუფე იაკობის განცხადებებს განიხილავენ.

რა თქვა მეუფე იაკობმა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე განცხადებით, "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე".

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა, ილია მეორემაც იცის.

"პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ", — ამბობს ეპისკოპოსი.

იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში".

"ვგულისხმობ [პატრიარქის] მკვლელობას", — ამბობს იაკობი და აგრძელებს იმით, რომ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ, ჩარეულები იყვნენ ხელისუფლებიდან და ბიზნესიდან, კერძოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

იაკობის განცხადებით "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული":

"შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია... ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში".