დღეს, 30 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი არ უყარეს კანონპროექტს, რომელიც თბილისში არასწორ პარკირებაზე ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერიის პროექტს დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავდნენ, თუმცა საპარლამენტო განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ პროექტი მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცეს. 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მან გამოაცხადა, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე უკვე გაიზარდა.

პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტს საკითხის ფართო და დეტალურ განხილვამდე გადაწყვეტილების მიღების გადადებისკენ მოუწოდა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რეფორმის საბოლოო დასრულებამდე იზიარებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით.

თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებამდე გადადო:

"პირველ რიგში უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი განახლება და წესრიგში მოყვანა იმგვარად, რომ მოქალაქეებს რა მოთხოვნაც აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, იყოს დაკმაყოფილებული და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ჩვენ დავუბრუნდეთ ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებას".

თბილისის მერის განცხადებით, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც. თუ აქამდე ჯარიმის ოქმი მოქალაქეს ფოსტით ეგზავნებოდა, ახლა თუ ეს ვერ მოხერხდა, ოქმი სპეციალურ ვებგვერდზე, tp.ge-ზე გამოქვეყნდება და ამის შესახებ სმს-ითაც შეატყობინებენ. მისივე თქმით, თუ დაჯარიმებული მოქალაქე 10 დღის განმავლობაში ვებგვერდზე შევა და ჯარიმას გადაიხდის 20-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს.