ახალგაზრდულმა ორგანიზაცია "რეფორმერმა" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავში ახალგაზრდებისთვის პროგრამული ენის შემსწავლელი კურსი სამი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების უფასო სასწავლო კურსი გაიარა ადგილობრივი თემის თხუთმეტმა მოზარდმა, ოთხ მოზარდს უკვე გაუფორმდა სამუშაო კონტრაქტი კერძო კომპანიასთან.

როგორც ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერის" დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, მსგავსი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ მომზადებას შრომითი ბაზრისთვის.

თორნიკე ჯანაშვილი: ეს პროექტი დავიწყეთ სამი თვის წინ. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება და კვალიფიკაცია ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, შესაბამისად, აქცენტი გავაკეთეთ ამ მიმართულებით. ჩვენ მოვამზადეთ მოზარდები პროგრამული ენების განხრით. პროექტში ჩართული იყო ადგილობრივი სკოლების 15 მოსწავლე, რომელთაგან ოთხმა წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი. მათთან უკვე გაფორმდა კონტრაქტები ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან, რომელთაც დაასაქმეს ეს ახალგაზრდები, რითიც ისინი გამოიმუშავებენ თავის პირველ ხელფასს.

– რატომ დაიწყეთ პროგრამა ტყვიავიდან?

– ეს არის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი, სადაც ძირითადი აქცენტი ყოველთვის კეთდება კონფლიქტურ მდგომარეობაზე, რაც რასაკვირველია, ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენი მიზანი იყო, სწორედაც რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოზარდებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მიეღოთ ახალი უნარ-ჩვევები, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. ამასთან ერთად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქართული სოფლები იცლება არსებული სოციალური პრობლემების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, მით უმეტეს მოზარდებს და ახალგაზრდებს, გაუჩნდეთ ინტერესი, რომ არ დატოვონ სოფელი. სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაცია. ტექნოლოგიური სფერო, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია, იძლევა საშუალებას ნებიმისერი ადგილიდან შეასრულო საქმე, გაყიდო შენი ცოდნა და მიიღო შემოსავალი. მოზარდები, რაც უფრო ადრეული ასაკიდან მოემზადებიან ცხოვრებისთვის, მით უფრო უკეთესია. სასწავლო კურსის პერიოდში, ტრენერები, პედაგოგები რომლებიც ჩვენ ჩაგვყავდა თბილისიდან, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც გადიოდნენ სასწავლო კურსს გამოირჩეოდნენ, როგორც ძალიან ნიჭიერი, მიზანდასახული ახალგაზრდები, რომლებიც, თავისი თანატოლების მსგავსად, აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ახალგაზრდებისგან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღები და ანგარიშგასაწევია უფროსი თაობის გამოცდილება, თუმცა "თაობათა ცვლა" არის შეუქცევადი, ბუნებრივი პროცესი, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში გადამწყვეტი იყოს ახალგაზრდების როლი.

ფოტო: რეფორმერი

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერის" ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით. "რეფორმერს" იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უკვე განხორციელებული აქვს პოპულარული პროექტი, რომლის მიზანიც იყო გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირების რესოციალიზაცია. პროექტის ფარგლებში პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სასოფლო- სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთვნენ პატიმრები, რომელთაც საკუთარი საქმიანობით გარკვეული შემოსავალიც მიიღეს.

ორგანიზაცია "რეფორმერი" დაარსდა 2019 წლის 21 მარტს. ორგანიზაცია აერთიანებს ახალგაზრდა წარმატებულ ფინანსისტებს, იურისტებს, ეკონომისტებს, სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. ორგანიზაციის მიზანია შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას, ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზაცია სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.