საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ქართულ-შვედურ-ფრანგული კინოპროდუქციის, და ჩვენ ვიცეკვეთ მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის - ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის - მგზავრობას ლოს-ანჯელესში დააფინანსებს, სადაც ისინი ოქროს გლობუსისა და ოსკარის კამპანიაში ჩაერთვებიან:

"მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა".

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში "თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება" და მიესალმება ფილმის წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში.

კინოცენტრი დასძენს, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ექვსი წევრის, ლევან გელბახიანის, ბაჩი ვალიშვილის, ქეთი დანელიას, ნინო ჯინჭარაძეს, ანა ჯავახიშვილის და გიორგი წერეთელის კანის კინოფესტივალში მონაწილეობა მაისში 12 500 ლარით დააფინანსა.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გაიმართება. ფილმის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.