ევროპული საქართველო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტს დადგენილებით მიმართავს. დეპუტატები ოთო კახიძე და ირმა ნადირაშვილი მოუწოდებენ უმრავლესობას დადგენილებას მხარი დაუჭირონ. ისინი შეწყალების პროცესში შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობენ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაბუნიამ თქვა, რომ შეწყალების საქმესთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.