28 ოქტომბერს სამთავრობო, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების ვებგვერდებზე თავდასხმას საერთაშორისო მედიაში "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებენ. მსგავსი მასშტაბის კიბერთავდასხმა, რომლის დროსაც 15 ათასამდე ვებგვერდი დაიჰაკა, 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა.

სიურეის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ალან ვუდვარდი ამბობს, რომ სამიზნე ჯგუფი და თავდასხმის ბუნება ააშკარავებს, თუ ვინ ჩაიდინა. იგი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

"ასეთი თავდასხმის განხორციელებასა და ორგანიზებას მასშტაბური რესურსი დასჭირდა და საშიშ გზავნილს შეიცავს".

საქართველოში მომხდარ კიბერთავდასხმაზე გერმანული გამოცემა BILD წერს. საზოგადოებისა და უსაფრთხოების ბრანდერბურგის ინსტიტუტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ტიმ შტუჩტი თავდასხმის უკან მთავარ ეჭვმიტანილად რუსეთს ასახელებს. BILD-თან საუბარში ის განმარტავს, რომ ამ ქმედების მიზანია "საზოგადოებაში შიშისა და დაბნეულობის გავრცელება".

"რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტები იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, მაგრამ პოლიტიკური შედეგები უფრო საგულისხმოა. შეგრძნება იმისა, რომ ძალაუფლება არ გაქვს და მოწყვლადი ხარ დიდი მეზობლის, რუსეთის წინაშე", — ამბობს შტუჩტი.

კიბერუსაფრთხოების კიდევ ერთი ექსპერტი ალექსანდრე შტანცო თავდასხმის უკან უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებს ხედავს, ვიდრე კრიმინალურს:

"პირველადი ნიშნები აჩვენებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული აქტია. "ჰაქტივისტებს" ან "ჰაქტივისტების ჯგუფს" შეუძლიათ ვებგვერდების მიტაცება პოლიტიკური მესიჯის გასაგზავნად. თავდასხმამ აჩვენა, თუ რა ცუდად არის დაცული ადგილობრივი ვებპროვაიდერი პრო-სერვისი. ჰაკერულმა ქმედებებმა გათიშეს, ბანკების საიტებიდან დაწყებული, სატელევიზიო სადგურებითა და სამთავრობო ვებსაიტებით დამთავრებული ათასობით საიტი. ეს ნამდვილად არ მიუთითებს კიბერუსაფრთხოების მაღალ ხარისზე".

გამოცემა Forbes, ასევე, იმ მოსაზრებებზე წერს, რომ მომხდარი 2008 წლის კიბერთავდასხმის განმეორებაა.

"ქართული ინტერნეტ ტრაფიკი რუსეთსა და თურქეთში ბაზირებული სერვერებიდან იგზავნება. ამ სერვერებზე, შესაძლოა, რომ რუსს ჰაკერებს ჰქონდეთ წვდომა", — ვკითხულობთ Forbes-ზე.

ამავე გამოცემასთან უსაფრთხოების საკითხებში უფროსი ანალიტიკოსი, ჯონათან კნუდსენი ამბობს, რომ ასეთი კოორდინირებული, ფართოდ გავრცელებული თავდასხმა სხვა ქვეყნიდან ნამოქმედარს გავს: "შესაძლოა, ამის მიზანი თავდამსხველის გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პოპულარიზაციაა".

France24 წერს, რომ რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა არ გამორიცხავს, "ინდივიდები რუსეთიდან" იყვნენ პასუხისმგებლები მომხდარზე.

28 ოქტომბერს ათასობით ქართული ვებგვერდი დაჰაკეს. მათ შორის იყო სამთავრობო, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების ვებგვერდები. საიტის გახსნისას ჩნდებოდა სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

კიბერთავდასხმა ქართულ საიტებზე 2008 წლის 18-20 ივლისს, რუსეთ-საქართველოს ომამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. კიბერშეტევები საქართველოზე 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურადაც გაგრძელდა. მაშინ რუსმა ჰაკერებმა ქართული ვებ პროვაიდერები და სამთავრობო ვებგვერდები დაჰაკეს. შეტევის შედეგად საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ერთი დღით გაითიშა. გარდა ამისა, მწყობრიდან გამოიყვანეს რადუოსადგური.