განახლება: არასწორი პარკირების საფასური ჯერ არ გაიზრდება. 30 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი არ უყარეს კანონპროექტს, რომელიც თბილისში არასწორ პარკირებაზე ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. დღეს პროექტის მესამე მოსმენა გაიმართა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. როგორც მერი ამბობს, 29 ოქტომბერს პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კახა კალაძე ამბობს, რომ ჯარიმის გაზრდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას უკავშირდება. მისივე თქმით, პარლამენტმა კანონპროექტი მერიის თხოვნით მიიღო.

გარდა ამისა, მერის განმარტებით, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც. თუ აქამდე ჯარიმის ოქმი მოქალაქეს ფოსტით ეგზავნებოდა, ახლა თუ ეს ვერ მოხერხდა, ოქმი სპეციალურ ვებგვერდზე, tp.ge-ზე გამოქვეყნდება და ამის შესახებ სმს-ითაც შეატყობინებენ. მისივე თქმით, თუ დაჯარიმებული მოქალაქე 10 დღის განმავლობაში ვებგვერდზე შევა და ჯარიმას გადაიხდის 20-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს.