დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო. მისივე ინფორმაციით, სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება, რომელიც სინოდის წევრია.

მას არ დაუსახელებია ის საკითხები, რასაც სინოდის სხდომაზე განიხილავენ, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

რა თქვა მეუფე იაკობმა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე განცხადებით, "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე".

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა, ილია მეორემაც იცის.

"პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ", — ამბობს ეპისკოპოსი.

იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში".

"ვგულისხმობ [პატრიარქის] მკვლელობას", — ამბობს იაკობი და აგრძელებს იმით, რომ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ, ჩარეულები იყვნენ ხელისუფლებიდან და ბიზნესიდან, კერძოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

იაკობის განცხადებით "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული":

"შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია... ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში".