მარიხუანას შემცველი პროდუქტის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დეპრესიის, შფოთვის, ფსიქოზის ან სხვა ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ გამართლებული ვერ იქნება, მისი ეფექტურობის შესახებ მწირი მტკიცებულებების გამო — ვკითხულობთ მეტა-ანალიზში, რომელიც ჟურნალში Lancet Psychiatry გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა შეაჯამეს სამედიცინო მარიხუანას ეფექტურობის შესახებ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი (ADHD), ტურეტის სინდრომი, პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი (PTSD) და ფსიქოზი — სულ 83 კვლევა, რომელიც ჯამში 3 000 ადამიანს მოიცავდა. მეცნიერთა ფოკუსში როგორც ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), ასევე კანაბიდოლი (CBD) მოხვდა. მარიხუანის სარგებლიანობაზე მტკიცებულებები ძალზე სუსტი გამოდგა.

კვლევის ხელმძღვანელი ავსტრალიელი პროფესორი ლუიზა დეჯენრადტია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ნაშრომს ყველაზე დიდი გავლენა სწორედ იმ ქვეყნებში ექნება, სადაც სამედიცინო მარიხუანას კლინიკური გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა.

სამედიცინო კანაბინოიდების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მაღალი სანდოობის მქონე, ხარისხიანი მტკიცებულებები არ არსებობს. სანამ დასკვნები რანდომიზირებული-კონტროლირებადი კვლევებიდან არ იქნება წარმოდგენილი, მანამდე ფსიქიატრიულ სამკურნალო გაიდლაინებში ამ საშუალებების გამოყენების რეკომენდაციების შეტანა დაუშვებელია

ლუიზა დეჯენრადტი, კვლევის ხელმძღვანელი

ნაშრომს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ავსტრალიაში, აშშ-ში და კანადაში ექიმები მარიხუანას შემცველ პროდუქტებს სამკურნალო მიზნებით უნიშნავენ. შესაბამისად, ამ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ამჟამად სამეცნიერო პოზიცია ასეთია: რისკები სარგებელს გადაწონის.

ნაკლებად სარწმუნო გამოდგა THC-ს ეფექტურობაზე გამოქვეყნებული მტკიცებულებები გაფანტული სკლეროზის, შფოთვითი აშლილობითა და ქრონიკული ტკივილით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობისას. ასევე დადგინდა, რომ ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში იგი კლინიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

კანაბინოიდების ეფექტურობის ძიების პარალელურად მეცნიერები მის შესაძლო ზიანსაც იკვლევდნენ — სანამ პრეპარატებს კვლევაში ჩართულ პაციენტებს მისცემენ, ისინი სწორედ ასეთ სკრუპულოზურ შემოწმებას გადიან.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა დეპრესიის, შფოთვის და ფსიქოზის სიმპტომების გამოვლენას შეუწყოს ხელი

ნაწყვეტი სტატიიდან

მარიხუანას მოწევის შემთხვევაში ასევე იზრდება მწვავე ფსიქოზური სიმპტომების გამოვლენის რისკი. ახალგაზრდებში მისმა ხანგრძლივმა, ყოველდღიურმა მოხმარებამ შესაძლოა მასზე დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს და შფოთვა, დეპრესია თუ ფსიქოზი გამოიწვიოს.

სამეცნიერო სტატიის მოპასუხე კომენტარის ავტორი ამერიკელი დიპაკ სირილ დე სოუზა გახლდათ, იელის საუნივერსიტეტო სამედიცინო სკოლის პროფესორი.

მტკიცებულებების სისუსტის გათვალისწინებით, ეფექტური ხარისხის მტკიცებულებების არარსებობა და კანაბინოიდების ცნობილი რისკი, მათი გამოყენება, როგორც ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალო საშუალებები, ამჟამად არ შეიძლება გამართლდეს.

დიპაკ სირილ დე სოუზა, იელის საუნივერსიტეტო სამედიცინო სკოლის პროფესორი

დე სოუზას თქმით, მარიხუანის შემცველი საშუალებები ფარმაკოლოგიური მედიკამენტების მსგავსად, მკაცრი სამეცნიერო სტანდარტებით უნდა იქნეს გამოკვლეული.