ბიძინა ივანიშვილმა "წყალტუბოს აღორძინების პროექტზე" საუბრისას განაცხადა, რომ 22-ვე სანატორიუმის, 9 აბანოს გამოისყიდის და მათ სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის "მოგებაზე არაა საუბარი", არამედ, აპირებს, რეაბილიტირებული სანატორუმები "მნიშვნელოვანი ფასდაკლებით" გაასხვისოს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქართული ოცნების ფეისბუქგვერდზე გავრცელდა:

"საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს, მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით".

ივანიშვილის დაპირებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. წყალტუბოს სანატორიუმებში დღემდე არის შაესახლებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები. ივანიშვილი მათ ჰპირდება, რომ შესაბამისი საცხოვრებლით დააკმაყოფილებს.