შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 ოქტომბერს ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევა, შესაძლოა, განხორციელებული იყოს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან. უწყების განცხადებით, ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. დიფეისი (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. შსს-შო აცხადებენ, რომ აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოკითხვები, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).