მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიაგნეს ადგილს, საიდანაც ყველა თანამედროვე ადამიანის წარმოიშვა. ეს სხვა მხრივ მშრალ და გვალვიან აფრიკაში არსებული ვრცელი დაჭაობებული ოაზისია, რომელიც თანამედროვე ბოტსვანას ადგილზე იყო გადაჭიმული.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მდინარე ზამბეზის სამხრეთით არსებული ტერიტორია 200 000 წლის წინ ჰომო საპიენსის პირველ სახლად იქცა და ამ ადგილას თანამედროვე ადამიანების პირველი პოპულაცია 70 000 წლის განმავლობაში მეტნაკლებად იზოლირებულად ცხოვრობდა. ხოლო შემდეგ ადგილობრივმა კლიმატის ცვლილებამ გარშემო ტერიტორია უფრო ნაყოფიერი გახადა, რამაც პირველ ადამიანებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.

"უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი პირველად აფრიკაში, 200 000 წლის წინ გაჩნდა. თუმცა დიდი ხანია მიდის დავა იმაზე, თუ აფრიკის ზუსტად რომელ რეგიონში მოხდა ეს", — აცხადებს გარვანის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის გენეტიკოსი, პროფესორი ვანესა ჰაიესი.

თუმცა, პროფესორის ამ განცხადებას ამ სფეროში მომუშავე სხვა მეცნიერებისგან სკეპტიციზმი მოჰყვა.

"ეს ტერიტორია ძალიან დიდია, 200 000 წლის წინ ის ძალიან ტენიანი, აყვავებული ადგილი იქნებოდა. ეს პირველი ადამიანებისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემო იყო", — ამბობს ჰაიესი.

კლიმატის ცვლილების გამო დაახლოებით 130 000 - 110 000 წლის წინ ტერიტორიიდან ადამიანების სამი სხვადასხვა მიგრაცია მოხდა, რაც გარშემო არსებულ ტერიტორიებზე ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნით იყო გამოწვეული.

პირველი მიგრანტები ჩრდილო-აღმოსავლეთით წავიდნენ, მიგრანტების შემდეგმა ჯგუფმა კი გეზი სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღო, ხოლო რაც შეეხება მესამე პოპულაციას, ისინი საწყის ტერიტორიაზე დარჩნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ.

ეს სცენარი დღევანდელი აფრიკელების ასეულობით მიტოქონდრიული დნმ-ის ნიმუშის გაანალიზებით და ადამიანის ოჯახის ხის რეკონსტრუირებითაა მიღებული. გენეტიკური, გეოლოგიური და კლიმატური მოდელების სიმულირებით მკვლევარებმა სცადეს აღედგინათ, თუ როგორი იყო აფრიკის კონტინენტი 200 000 წლის წინ.

თუმცა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევას ერთ-ერთი ექსპერტი სკეპტიციზმით შეხვდა, მისი თქმით, მხოლოდ მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზით ადამიანის წარმოშობის ამოხსნა არარეალურია. ამ საკითხზე მრავალი სხვადასხვა კვლევა არსებობს, განსხვავებული შედეგებით. აღმოჩენილი ნამარხები კი ადამიანის გაჩენის ადგილად უფრო მეტად აღმოსავლეთ აფრიკაზე მიუთითებენ.

ლონდონის ნატურალური ისტორიის მუზეუმის პროფესორი კრის სტინგერი აცხადებს, რომ ჰომო საპიენსის ევოლუცია კომპლექსური პროცესი იყო.

"თანამედროვე მიტოქონდრიული მონაცემების გამოყენებით ადამიანის წარმოშობის ერთი კონკრეტული ადგილის დადგენა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გენომის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნაწილს ვუყურებთ და ის ადამიანის წარმოშობაზე სრულ სურათს ვერ შეგვიქმნის", — ამბობს ის.