აშშ-ს საჰაერო ძალების საჯაშუშო კოსმოსური ხომალდი, X-37B ორბიტაზე ორწლიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. კვლავ უცნობია, თუ ზუსტად რა მისია ჰქონდა ხომალდს, თუმცა საჰაერო ძალები ადასტურებს, რომ მისიის განმავლობაში თვითმფრინავმა ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრი გაიყვანა.

X-37B დედამიწაზე კვირას, 27 ოქტომბერს დაეშვა. ეს ხომალდის მეხუთე, ყველაზე ხანგრძლივი მისია იყო. ხომალდი ორბიტაზე 2017 წლის 7 სექტემბერს, SpaceX-ის Falcon 9-ით გაეშვა, რის შემდეგაც ორბიტაზე 780 დღე გაატარა. ეს ხომალდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

"ხომალდის უსაფრთხო დაბრუნება მთავრობისა და კოსმოსური ინდუსტრიის ინოვაციური თანამშრომლობის შედეგია. ცა აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის ლიმიტს აღარ წარმოადგენს", — განაცხადა აშშ-ს საჰაერო ძალების პერსონალის მეთაურმა დეივიდ ლ. გოლდფინმა.

X-37B-მ პირველად 2010 წელს იფრინა და მას შემდეგ უცნობია, თუ რა დავალებებს ასრულებს ხომალდი ორბიტაზე, თუმცა, საჰაერო ძალებისგან რამდენიმე მინიშნება გვაქვს. X-37B, რომელიც კოსმოსურ შატლს ჰგავს, ორბიტაზე ახალ ტექნოლოგიებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდის და გრძელვადიან ექსპერიმენტებს ახორციელებს. ბოლო მისიის განმავლობაშ კი ხომალდმა ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრიც განათავსა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია.