თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიულ საქმიანობას აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. ახალაია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად და ამომრჩევლად დარჩება.

"ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. ...რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წევრი ვიყავი ისე, რომ არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი ფორმალურადაც კი, რომ არაფერი ვთქვა რაიმე პარტიულ თანამდებობაზე. მიზეზი ყოველთვის მარტივი იყო - არასდროს მქონდა ინტერესი უშუალოდ პარტიული საქმიანობისადმი და ვფიქრობ, არც არასდროს მქონია შესაბამისი უნარები".

ახალაია მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით; 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. თითოეულ საქმეზე ახალაიას სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საბოლოო ჯამში, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ კანონით, სასჯელის სახედ და ზომად ახალაიას განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება

ძიმცეიშვილი კი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 341-ემუხლი. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.