"გემიდან პირველი გარბიან ვირთხები" — ასე გამოემხურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ბოლო პერიოდში ეკლესიაში მიმდინარე დაპირისპირებას და მეუფე იაკობის განცხადებებს.

"ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს. ყველაფერი კარგად იქნება", — წერს ჯაღმაიძე ფეისბუქზე.

26 ოქტომბეს მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც მისი თქმით, პატრიარქის გადაყენებას ცდილობდნენ. იაკობის განცხადებებს სასულიერო პირების მხრიდან კრიტიკა მოყვა.

ეპისკოპოსმა მექლისედეკმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს სინოდის სხდომა. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მიმართა, იაკობის სიტყვებით დაინტერესდეს. იაკობის განცხადებას საპატრიარქო ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ამავე თემაზე:

რა თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე".

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

"პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ", — ამბობს ეპისკოპოსი.

იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში".

"ვგულისხმობ [პატრიარქის] მკვლელობას", — ამბობს იაკობი და აგრძელებს იმით, რომ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ, ჩარეულები იყვნენ ხელისუფლებიდან და ბიზნესიდან, კერძოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

იაკობის განცხადებით "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული":

"შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია... ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში"