ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. არჩევნები აფენის, არალისა და კიწიის თემებში ჩატარდა. სულ შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების ერთადერთი კანდიდატი, ზურაბ ფეიქრიშვილი იმარჯვებს. ამასთანავე, ქართული ოცნების ერთადერთი კანდიდატი, რობერტ კაკულია იმარჯვებს მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხმების 83,4 პროცენტით ქართული ოცნების კანდიდატი, ომარ შველიძე ლიდერობს. 16,21 პროცენტით მეორე ადგილზე გადის ევროპული საქართველოს კანდიდატი, მალხაზ მელაშვილი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების კოორდინატორები ისევ მობილიზებული იყვნენ.

"საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

"ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე".