გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანი, ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ემუქრებოდა. ამის შესახებ კვესიტაძემ გადაცემის წაყვანისას განაცხადა. მისივე თქმით, აქამდე მეუფე იაკობის მონათხრობზე საჯაროდ არასადროს უსაუბრია.

როგორც წამყვანი ამბობს, მეუფე იაკობი მას ხშირად ურეკავდა და მეუფე შიო მუჯირთან დაპირისპირებაზე უყვებოდა. კვესიტაძე ამბობს, რომ მორიგ ჯერზე ბოდბელი ეპისკოპოსი მას საპრეზიდენტო არჩევნებში შემდეგ დაუკავშირდ, რა დროსაც გიორგი გახარიაზე გაბრაზებული იყო.

"როგორც ჩანს, გახარიასა და იაკობის ურთიერთობები ძალიან დიდი ხნის წინ დაიძაბა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის ადანაშაულებს გახარიას, რომ გახარია აშანტაჟებდა შს მინისტრობის პერიოდში მას და რამდენიმე მღვდელმთავარს პირადი სახის ჩანაწერების გამოქვეყნებით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეამკო ჩემთან საუბარში გახარია, რომ მას აუცილებლად დაამთავრებდა. სხვათა შორის, ის მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ შიოც და გახარიაც არის რუსეთის კაცი", — თქვა კვესიტაძემ.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობმა უპასუხა:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის. იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში". სასულიერო პირი ამბობს, რომ "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული".

მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე:

"მათ [გიორგი] გახარია და ვახო [გომელაური] შეხვდა. მას [ვახტანგ გომელაურს] ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ".

მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მოუწოდა, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე: