სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2019 წლის მაჟორიტარულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების კოორდინატორები ისევ მობილიზებული იყვნენ.

"საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

"ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე".

დღეს, 27 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ხმის მიცემა შვიდ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.

ცესკოს წარმომადგენლის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნების დღემ ყველა უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.