პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადებები "ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს". ამის შესახებ ზოიძემ TV პირველს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

"კარგით რა, ამხელა ყურადღებას, არ მგონია, იმსახურებდეს, როგორც ექიმი გეუბნებით ამას. კენედი მე მოვკალი, დაახლოებით, ეგეთი თემაა", — თქვა პარლამენტის დეპუტატმა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის. იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში". იაკობის განცხადებით "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული".

მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მოუწოდა, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს.

ამავე თემაზე: