დღეს, 26 ოქტომბერს ასობით ათასი კატალონიელი გამოვიდა ბარსელონას ქუჩებში. აქციის მონაწილეები სეპარატისტი ლიდერების დაპატიმრებას აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბარსელონაში აქციები 14 ოქტომბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ცხრა პოლიტიკოსსა და აქტივისტს 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აქციას 350 ათასამდე დემონსტრანტი ესწრებოდა.

რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფები მოუწოდებენ მათ მხარდამჭერებს, გამოვიდნენ და ქუჩები გაავსონ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი.

26 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეებს ეჭირათ კატალონიის დროშები და ბანერები წარწერით: "ციხე არ არის გამოსავალი", "დასხედით და ისაუბრეთ", "თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს".

ფოტო: REUTERS/Albert Gea

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის გამო. კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავეს სცნეს დაუმორჩილებლობაში და დააჯარიმეს. BBC-ის ცნობით,12-ვე ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.

პროკურატურა კატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მას 13 წელი მიუსაჯეს, ამბოხისა და სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის.