ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ეპისკოპოს იაკობის ბრალდებებს ეხმაურება და მას "სრულ ბოდვას" უწოდებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა TV პირველთან სატელეფონო ჩართვისას თქვა.

"მის ამ არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ გამოხტომაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება", — ამბობს მეუფე პეტრე და მიმართავს პროკურატურას, "არ დატოვონ უყურადღებოდ იაკობის დღევანდელი განცხადება",

"რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, აუცილებლად პირობას ვიძლევი, რომ თუ მანამდე მას მორალური შეგნება უღალატებს და არ წავა მონასტერში სინანულისათის, აუცილებლად სინიოდზე დაესმევა წერილი მის ამ არაადეკვატურობას. მეუფე იაკობის საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ კათოლიკოს პატრიარქს. მან ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს როცა დააჯილდოვა და აიყვანა ხარისხში, მან თქვა ქადაგებისას რომ მეუფე იაკობს ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ ის ასრულებდა ჩემს დავალებას. ამ ლოგიკით დღესაც მეუფე იაკობი ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის დავალებას, ვინაიდან პატრიარქმა წაახალისა მისი არაადეკვატური და ეკლესიის მიმართ სამარცხვინო საქციელის გამო არაერთხელ".

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა ეს შეხვედრა.

ბოდბელი ეპისკოპოსის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში".

"ვგულისხმობ [პატრიარქის] მკვლელობას", — ამბობს იაკობი და აგრძელებს იმით, რომ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ, ჩარეულები იყვნენ ხელისუფლებიდან და ბიზნესიდან.