შინაგან საქმეთ მინისტრის თქმით, ხელისუფლება მუდმივად მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე და მთავარი ამოცანა არის ადგილზე სიმშვიდის შენარჩუნება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა.

"ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სექტემბრის თვეში ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს დადგმის პასუხად საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოები ააშენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. სუს-ში აცხადებენ, რომ ეს არის უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედება, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ომი უნდოდა, მაგრამ ამას არ დაუშვებდნენ და "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ.

ამის შემდეგ მათ ქართული საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ეს იყო "ჰუმანიტარული ოპერაცია" ქართული მხარის "აგრესიული" ქმედებების პასუხად.

როგორც ე.წ. უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, დროშა სპეციალურად აღიმართა ზღვის დონიდან 944,8 მეტრზე, ქართულ საგუშაგოზე მაღლა, რადგან ასე "დომინანტად იქცა საზღვრის იმ მონაკვეთში". მათი თქმით, სასაზღვრო პუნქტი "სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე" ხელს უშლის ქართულ მხარეს "დაამყაროს კონტროლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, წნელისის რაიონში".