აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის დასკვნა გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის თანხები არაეფექტურად იხარჯებოდა. აუდიტი განიხილავს იმ შემთხვევებსაც, როცა მერიამ არაკვალიფიციურად ჩაატარა ტენდერი და ვერ დაასაბუთა ქონების განკარგვის სარგებლიანობა.

აუდიტის ინფორმაციით, 2017-2018 წლების ბოლოს მერიას აუთვისებელი დარჩა მნიშვნელოვანი მოცულობის თანხები, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. ამიტომ, აუდიტი მოუწოდებს მერიას, დროულად დაგეგმოს საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ხარჯვა.

დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვერ ასაბუთებს ქონების განკარგვის სარგებლიანობასაც. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტს იჯარით, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, საბაზროზე ნაკლები ღირებულებით გაცემული აქვს სხვადასხვა ობიექტი. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის. ამასთანავე, დასკვნაში ნათქვამია, რომ მოიჯარეების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გადაუხდიათ საიჯარო ქირა.

აუდიტში აცხადებენ, რომ მერიას არ განუხილავს და არ შეუსწავლია მის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობის სარგებლიანობაც. ასევე, სუბსიდიის დაგეგმვისას არ მოუთხოვია ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მათივე თქმით, შედეგად, ვერ იქნა დასაბუთებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროდუქტიულობა.

უწყებაში ამბობენ, რომ სატენდერო პროცესის არასწორად წარმართვის და სატენდერო კომისიის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 423 ათასი ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. კერძოდ, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული თავდაპირველი ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელიც იგივე სამუშაოებს ასრულებდა 423 ათასი ლარით მეტად, ვიდრე შეწყვეტილ ტენდერში დაბალი ფასის წარმომდგენი კომპანია.