რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ექსტრადირება კანონდარღვევით მოხდა. მისი თქმით, წაართვეს იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ.

მისივე თქმით, სააპელაციოს ახლა მიმართეს და უცნობია რას აპირებს იუსტიციის სამინისტრო, თუ სასამართლო პატიმრობის უკანონობას დაადგენს.

"ძალიან მაინტერესებს, თუკი სააპელაციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და დაადგენს, რომ აიროსლავ სუმბაევის საექსტრადიციო პატიმრობა იყო უკანონო, რას აპირებს მინისტრი ამის შემდეგ? როგორ აპირებს, რომ აღასრულოს ეს გადაწყვეტილება? რუსეთთან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს, რომ იაროსლავ სუმბოევს საქართველოში დააბრუნებენ უკან?" — განაცხადა ადვოკატმა.

საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსეთს გადასცა. ქვეყანამ ვერ დაინახა ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაზეც პატიმრის ადვოკატები მიუთითებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სუმბავეი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იქნება და მას სასჯელის უმაღლესი ზომა ელის. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში თავშესაფარს ითხოვდნენ.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ მას აქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში ვერ ხედავენ საფრთხეს, რომ სუმბაევი არაადამიანური მოპყრობის ქვეშ იქნება. ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"ყველამ, დაე, იცოდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც, მათ შორის რუსეთის მოქალაქეც, არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი... ეს ვერ იქნება ოაზისი, იმისთვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას", — თქვა თეა წულუკიანმა.

რუსი ჰაკერი, საქართველოში 2018 წელს დააკავეს. რუსული მხარის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ჰაკერები, მათ შორის სუმბაევი, ტუროპერატორებისგან მოპარული მონაცემებით რკინიგზის ფიქტიურ ბილეთებს აფორმებდნენ. გარდა ამისა, ჰაკერი ბრალდებულია გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთის მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს საკუთარ სახლთან მოკლეს.

სუმბაევის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიბერდანაშაულის ბრალდებას აღიარებს, ხოლო მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის საკითხი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დააკმაყოფილა, თუმცა ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

რუსული გამოცემა კომერსანტი აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ ჰაკერის ექსტრადიცია კიბერდანაშაულის და არა გამომძიებლის მკვლელობის საქმეზე ითხოვა. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ სუმბაევის ექსტრადიცია მას შემდეგ გადადო, რაც მედიაში სუმბაევის საქმის პოლიტიკურ სარჩულზე დაიწყეს საუბარი: თითქოსდა ის რუსეთის მხრიდან სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.