ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გამოეხმაურა კონტი ჯგუფის განცხადებას, რომელმაც უარყო დღეს კონსორციუმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკულმა კომპანიამ აზრი შეიცვალა და პროექტში რჩება.

"კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად", — აცხადებენ კონსორციუმში.

თუმცა, მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ კონტი ჯგუფი პროექტს ტრანზაქციის გამო არ ან ვერ ტოვებდა. ისინი წერდნენ, რომ კონტი ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა.

ახალ განცხადებაში კონსორციუმი ამბობს, რომ იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება. მათივე თქმით, კონტი ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტი ჯგუფი პროექტს ტოვებს Business Media Georgiam გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება წერილობითი ფორმით მიიღეს, მოგვიანებით კი ორგანიზაციის წევრმა ეს ინტერვიუშიც დაუდასტურა.

"თუ შეხედავთ იმ განცხადებას, ჩვენ ვხსნით, რომ ტრანზაქცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ისე ჩანს, რომ დროში ვერ ეტევა. ამდენად ჩვენ კი არ ვბრუნდებით პროექტში, ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ, წილი გავასხვისოთ. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ და გავყიდოთ ეს წილი... დაბეჯითებით ვამბობთ, რომ განცხადება, რომელსაც ამ დრომდე ავრცელებდა მედია, არასწორია. სწორედ ამისთვის გამოგიგზავნეთ ეს პრესრელიზიც, რომ რაც შეიძლება დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია", — განმარტავს BM.GE-სთან საუბრისას კონტი ჯგუფის საინფორმაციო ოფიცერი კოლინ ვაიბლი.

ანაკლიის პორტის გაურკვეველი მომავალი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკში მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

შემდგომში უკვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.