შსს-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირი დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 163-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო, რომელთაგან პირველი საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას, მეორე კი წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ გულისხმობს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ:

"ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა".

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მარნეულში ენმ-ს აქტივისტების ოჯახებში სამართალდამცავები შეიჭრნენ. On.ge შეეცადა ინფორმაციის შსს-სთან გადამოწმებას, რაზეც უწყებაში გვიპასუხეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებდნენ.