თიბისი ბანკის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ გირაო არ მოუხსნა. მოსამართლემ მიზეზად განმარტა, რომ კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.

თიბისის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებოდნენ. მათი თქმით, ეს დადებითად აისახებოდა ბანკის გამჭვირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გაასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ