"ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაცა შევიდეს შენს თავში", — ასე მიმართა პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.

ამ განცხადებამდე კვიციანმა გოცირიძის მისამართით თქვა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობაშია და მისი დანაშაული სწორედ ეს არის.

"მთლიანად ჩვენ გამარჯვება ვიზეიმეთ, 30 პროცენტი აფხაზეთის ტერიტორიის ჩვენს ხელშია და ქართული დროშის ქვეშ იყო, ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსხურების დავალებით შემოგვიტრიალეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აგერ უკან მიზის, მაგრამ არაფერი მიუძღვის ამას პირადად იმ საქმეში დანაშაული, მისი დანაშაული ისაა, რომ იმათთან ერთადაა", — თქვა კვიციანმა.

კვიციანის ამ განცხადებას გოცირიძემ ხუმრობით უპასუხა: "ბატონო ემზარ, კინო გახსოვთ, ის შავი კაცი ვინ იყო, შერეკილებში რომ არის?". ამ რეპლიკის შემდეგ კვიციანმა გოცირიძეს გაჩუმებისკენ მოუწოდა.

"შავი კაცი? შენ ამას ვერ გაიგებ ვინ იყო ის შავი კაცი იმიტომ, რომ შენ სამხედრო არ ხარ და არასდროს დაგიცავს შენი სამშობლო. რა კოდებით ვსაუბრობთ ჩვენ ერთმანეთში, ის სხვაა. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაცა შევიდეს შენს თავში", — უთხრა დეპუტატმა გოცირიძეს.