აჭარაში ნატოს გემების შემოსვლის პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში "სასწავლო მიზნებით" საბრძოლო რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბრძანება ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაჰიმ ჰასაევმა გასცა. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მათი მიზანია შეამოწმონ რამდენად მზად არის სამხედრო განყოფილება, რომ შეასრულოს თავისი ფუნქციები სხვადასხვა პირობებში. საბრძოლო რეჟიმი სპეციალური ბრძანების გაცემამდე გაგრძელდება.

დღეს, 25 ოქტომბერს ბათუმის ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია საერთო წვრთნები, ერთობლივი მანევრირება და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები.

გუშინ, 24 ოქტომბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკავეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრეები იცავდნენ ე.წ. საზღვარს და აღკვეთეს დანაშაულებრივი ქმედება. მათი მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურები აქტიურად აგრძელებენ პროვოკაციულ პოლიტიკას.

ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტებისა და პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრა იმართება, რომელზეც დამკვირვებლების დაკავების საკითს განიხილავენ.