განახლება: კონტი ჯგუფმა აღნიშნული ინფორმაცია Business Media Georgia-სთან უარყო. მოგვიანებით კონსორციუმმა ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: "მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება".

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ, კონტი ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტში რჩება.

ამერიკული კონტი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციონერი იყო. პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მათ ორი თვის წინ, 15 აგვისტოს მიიღეს.

გუშინ, 24 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებიან, თუ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა 2020 წლამდე გაუხანგრძლივა. 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. ლევან ახვლედიანის თქმით, კულუარებში მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".

ანაკლიის პორტის გაურკვეველი მომავალი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკში მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

შემდგომში უკვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.