დღეს, 25 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში თიბისის საქმეზე მისულმა მამუკა ხაზარაძემ "აბსურდული თეატრი" უწოდა სასამართლო პროცესს.

"ეს დაქირავებული პროკურორები ემსახურებიან არა სამართალს, არამედ, ბიძინა ივანიშვილს",— თქვა ხაზარაძემ და განმარტა რომ დაცვის ყველაფერი წარადგინა, ახლა კი პროკურატურა ჩიხშია:

"დოკუმენტურად ყველა ტრანზაქცია, ყველა ბენეფიციარი არის წარმოდგენილი".

მამუკა ხაზარაძის თქმით, პრობლემები რეალურად ეროვნულ ბანკშია, სადაც პროგრეს ბანკის საეჭვო ტრანზაქციებზე აუდიტორული კომპანიის დასკვნაზე იციან:

"ვეძებოთ პრობლემა იქ, სადაც არის. პრობლემა არის საბუთები, ტრანზაქციები ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ის ფაქტი, რომ თიბისიმ არ შეისყიდა პროგრეს ბანკი სრულად და დატოვა "ტოქსიკური" აქტივები გარეთ და შეისყიდა მხოლოდ ჯანსაღი აქტივები... აი, ეს მოვძებნოთ. აუდიტორულმა კომპანიამ დელოიტმა გააკეთა იდენთიფიკაცია და შემდეგ წავიდა ეს ყველაფერი ეროვნულ ბანკში".

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ მთავარი არხის ეთერში პროგრეს ბანკის აქციების ყიდვაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი ბანკი რესპუბლიკას შეძენას გეგმავდა, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია "ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერა". მისივე თქმით, ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა თხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო.

მისივე თქმით, მან უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც პროგრეს ბანკში "არასასურველი მდგომარეობა" დააფიქსირა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ეჭვები გააჩინა. ეროვნულმა ბანკმა თიბისის მიმართა, პროგრეს ბანკის საეჭვო ტრანზაქციებზე სამართალდამცავებს აცნობოს.

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პროგრეს ბანკის დამფუძნებელი იყო, ამბობს, რომ ბანკს ფულის გათეთრებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც აუდიტი ჩატარებულა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა და 100-პროცენტიან წილს ფლობდა. ბანკი 2016 წლამდე, იმ დრომდე ფუნქციონირებდა, სანამ აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა. 2012 წლიდან ბანკის 21,79 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი რუს ბანკირს, ილია გავრილოვს ეკუთვნოდა. გავრილოვი რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა. დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიის მიხედვით, რომელიც აიფაქტზე გამოქვეყნდა იგი 2015-2016 წლებში პროგრეს ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობდა.