აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ სამი წევრი აირჩია. ესენი არიან: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. დოლიძე და სტურუა ქართული ოცნების კანდიდატები იყვნენ, წილოსანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გავიდა.

სოსო სტურუა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. გუშინ, 24 ოქტომბერს გადაცემა სათქმელის წამყვანმა, ირინა ყურუამ განაცხადა, რომ ახსოვს სტურუას მმართველობის პერიოდში ზეწოლის მცდელობა სახელისუფლებო ვერტიკალის მხრიდან.

თამილა დოლიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. დოლიძე იმ 103 თანამშრომელს შორის იყო, რომლებმაც დირექტორის წინააღმდეგ საბჭოში განცხადება შეიტანეს და ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის განხილვის წინა დღეს მის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართეს.

თამარ წილოსანი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის მოადგილის და დეპუტატის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა.

გუშინ არხის თანამშრომლების ნაწილმა მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობაზე განცხადება გაავრცელეს და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე ისაუბრეს.