ალეკო ელისაშვილმა მერიასთან საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართა და ხალხით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფოტოები მიიტანა. მისი თქმით, სრული ნონსენსია, რომ ქალაქის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს.

"რახან თვითონ არ დადიან და არ სარგებლობენ, შესაბამისად, არ იციან ან მიწისქვეშა ან მიწისზედა ტრანსპორტში რა ხდება, მოვიტანეთ და ვაჩვენეთ, რომ ასე წვალობს ჩვენი ქალაქი... ეს ჭყლეტა ოქტომბრის ბოლოს თავისით კი არ დაიწყო, როდესაც არათანმიმდევრულ და არაკომპეტენტურ ნაბიჯებს დგამ და რეფორმას იწყებ ბოლოდან, ანუ ტაქსებიდან, აი, ამ შედეგს იღებ", — განაცხადა ელისაშვილმა.

ის მოუწოდებს კალაძეს, რომ მოეშვას "სიჯიუტეს", "ჯორზე ჯდომას" და აღიაროს რომ "გაიხლართა უგუნურებასა და არაკომპეტენტურობაში". მისი თქმით, თუ ასე მოხდება მზად არის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმაროს.

ელისაშვილი ამბობს, რომ სატრანსპორტო გეგმა საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ შეიმუშავა, როცა მერის არჩევნებში იყრიდა კენჭს. მისივე თქმით, დამარცხების შემდეგ კალაძეს შესთავაზა ამ გეგმით ესარგებლა, თუმცა ახალმა მერმა არ გაითვალისწინა და ახლა შედეგი სახეზეა.

ბოლო რამდენიმე კვირაა მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა მომატებული ნაკადია, რაც დროში ემთხვევა ტაქსების რეფორმას. ქალაქის მერი ამ ფაქტს უარყოფს და პრობლემას მეტროს გვირაბებისა და კიბეების გამტარუნარიანობაში ხედავს, გადაჭრის გზებად კი ახალ ავტობუსებსა და ვაგონებს ასახელებს.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და "ყველა არის ბედნიერი და გახარებული". მისი მოადგილე კი სამ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც მოსახლეობა გადაჭედილ მეტროში მგზავრობით ბედნიერი უნდა იყოს.