სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში პატიმრების ცემაა ასახული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. ლომჯარია მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

"საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი", — აცხადებს ის.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად. ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

ძალადობის ამსახველი კადრები ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ნიღბიანი და ფორმიანი პირი დაკავებულებს ესხმიან თავს და სცემენ. სამი მოკლე ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელსაც ამ კადრების გარდა სხვა არაფერი უდევს. და არც გამავრცელებლის შესახებ იძებნება დამატებითი ინფორმაცია. ვიდეოში ჩანს, რომ კადრები 2 ოქტომბრითაა დათარიღებული და სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

ცხინვალის ციხეში პატიმრებზე ძალადობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა. ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასაც მისი ოჯახის წევრები, ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ციხეში სამართალდამცავების ძალადობას უკავშირებენ.

გავრცელებულ გადრებთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.