24 ოქტომბერს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ახალ სტადიონზე 6-გუნდიანი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივ გუნდთან ერთად, მონაწილეობა დიცის, ნიქოზის, ატენის, კარალეთისა და ახალდაბის გუნდებმა მიიღეს. ტურნირის გამარჯვებული სოფელ დიცის გუნდი გახდა.

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტი რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონში და ე.წ საზღვრისპირა დასახლებაში ხორციელდება და 150 მოზარდს აერთიანებს.

"ბოლო ორი წელია აშშ-ის საელჩო საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს ე.წ სპორტის დიპლომატიას. ეს გულისხმობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სპორტში. მადლობას ვუხდით ფონდ არველაძეს, ამ საინტერესო ინიციატივისთვის. მსგავსი ტიპის პროექტი შარშან, ერთობლივი ძალებით განვახროციელეთ პანკისის ხეობაში, ადგილობრივი მოზარდებისთვის", - სოფო ბზიშვილი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილე გუნდებს ფონდისგან ბურთები, ფორმები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცათ. ამ სოფლებში მცხვორები მოზარდები, მთელი წლის მანძილზე, კვირაში სამჯერ არველაძეების ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელების ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.

"პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და საზღვრისპირა სოფლებში, უფასო საფეხბურთო სკოლების შექმნას ითვალისწინებს. წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების გარდა მთელი წლის მანძილზე, კვირაში სამჯერ, დიცში, ახალდაბაში, ნიქოზში, ატენსა და კარალეთში მცხოვრები მოზარდები ჩვენი ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. ფეხბურთელებს გადავეცით ბურთები, ფორმები და საფეხბურთო ინვენტარი. წლის განმავლობაში ჩავატარებთ არაერთ ტურნირს და ვეცდებით, ამ ბავშვების ცხოვრება გახდეს უფრო ხალისიანი და ჯანსაღი", - რეზი არველაძე, ფონდის დამფუძნებელი.

წეროვნის დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო სტადიონი მიმდინარე თვის დასაწყისში გაიხსნა.