დღეს, 24 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია ავრცელებს განცხადებას. მათივე ცნობით, ცხელი ხაზი მომხდარიდან მალევე ამოქმედდა. მისია აცხადებს, რომ მათი დამკვირვებელი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

"მისია ჯერ კიდევ იკვლევს მომხდარის დეტალებს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გავზარდეთ დამკვირვებელთა რაოდენობა, რაც ჩორჩანა-წნელისთან სტაბილურობის მხარდაჭერას ემსახურება", — ნათქვამია განცხადებაში.

EUMM ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ შეიარაღებული პირები არ აძლევენ დამკვირვებლებს საშუალებას, თავიანთი მანდატის ფარგლებში იმუშაონ. მისიის განცხადებით, ხვალ, 25 ოქტომბერს გატაცების ფაქტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ.

დე ფაქტო ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" აფასებს და აცხადებს, რომ "ქართული სპეცსამსახურები აქტიურად აგრძელებენ ამგვარ პოლიტიკას". მათი მტკიცებით სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.