ხვალ, 25 ოქტომბერს ბათუმის ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, ჯამში სამი გემი შევა. ამის შესახებ დღეს, 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"წვრთნა იგეგმება მათთან ერთად. ეს იქნება ერთობლივი მანევრირება და, ასევე, აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები".

ხვალვე ბათუმის პორტს დატოვებს ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter. მანამდე ამერიკულ ეკიპაჟთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდ ოჩამჩირეს და აბორდაჟის ჯგუფების მონაწილეობით.

Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Porter (DDG 78) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 22 ოქტომბერს მეორედ შევიდა. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის.