20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის ადვოკატი, ზაზა არჩვაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს წარდგენილ ბრალს, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. სპეცრაზმელს 10 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

"ის ცნობდა თავს დამნაშავედ იმ ეპიზოდში რომ მან გაისროლა გლუვლულიანი იარაღით და მიაყენა გარკვეული დაზიანებები გარკვეულ პიროვნებებს, თუმცა თვლიდა, რომ არ უნდა მიეყენებინა, თვლიდა, რომ არ უნდა მიეყენებინა. არ არსებობდა შესაბამისი გარემოება, რომ გამოეყენებინა იარაღი", — უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს დღეს, 24 ოქტომბრის სხდომის შემდეგ.

პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ მათ გიორგი ესიაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად მოითხოვა პატიმრობა, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 10 ათას ლარიან გირაოს გამოყენებაზე.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებულმა საჯაროდ აღიარა დანაშაული. ამ ეტაპზე დაწყებულია არსებითი განხილვა, თუმცა ის ჯერ არ დაუკითხავთ სასამართლოზე... მან აღიარა, რომ გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ეს ყველაფერი ჩაიდინა იარაღის გამოყენებითა და ძალადობით", — ამბობს პროკურორი.

დანაშაულს აღიარებს, ასევე, კიდევ ერთი ბრალდებული სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი. მასაც აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა მოსამართლემ. 17 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლემ ამ გირაოს ქონებით უზრუნველყოფაზე მიიღო გადაწყვეტილება.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.