ამერიკელი მსახიობი, ავტორი და აქტივისტი როუზ მაკგოვანი ჰოლივუდის ყოფილ გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინსა და მის ყოფილ ადვოკატებს უჩივის.

მაკგოვანი კამპანია #MeToo-ს აქტივისტია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2017 წლის ოქტომბერში ვაინშტაინის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაინშტაინმა ის გააუპატიურა.

სარჩელის მიხედვით, მაკგოვანი ვაინშტაინს და მის ყოფილ იურისტებს, ლიზა ბლუმსა და დევიდ ბოიზს კონსპირაციაში ედავება, რომლითაც მათ მსახიობის დისკრედიტაცია მოახდინეს და გააჩუმეს, რათა ბევრად ადრე არ ესაუბრა მისი მხრიდან ძალადობაზე.

მაკგოვანის მიხედვით, 2016 წელს ის აპირებდა მემუარების გამოცემას, სახელად Brave [მან წიგნი 2018 წლის იანვარში მაინც გამოსცა], რომელშიც ისაუბრებდა ვაინშტაინის მიერ გაუპატიურების გამოცდილებაზე. სარჩელის მიხედვით, როდესაც ვაინშტაინმა ამის შესახებ შეიტყო, მან მის გასაჩუმებლად სხვადასხვა გზას მიმართა.

მაკგოვანის სარჩელით თუ ვიმსჯელებთ, ვაინშტაინმა, ამაზონთან კონტაქტით, თავის გუნდთან ერთად გამოუქვეყნებელი წიგნის უკანონოდ მოპოვება სცადა, შემდეგ კი პროექტი გაანადგურა. ამის შემდეგ, მან მან დაიწყო ამერიკულ გავლენიან მედიებთან შეთანხმებული კამპანია, რომელიც მაკგოვანის რეპუტაციას შელახავდა, რის გამოც მას აღარავინ დაუჯერებდა. მაკგოვანი ასევე ვაინშტაინის წარმომადგენელს აბრალებს მის დაკარგულ საფულეში კოკაინის მოთავსებას, რისთვისაც მსახიობს კანონთან პრობლემები შეექმნა. ის ასევე აცხადებს, რომ ვაინშტაინმა მას მაკგოვანს სიჩუმის სანაცვლოდ ფული შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

"ეს საქმე არაკანონიერი და ბოროტი განზრახვის მქონე მცდელობებზეა, რომლებსაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი და მისი წარმომადგენლები სექსუალური ძალადობის მსხვერპლების წინააღმდეგ მიმართავდნენ. ეს საქმე ასევე იმ მამაც ქალებზე და ჟურნალისტებზეა, რომლებმაც სიმართლის გამოსამჟღავნებლად იბრძოლეს", — წერია დოკუმენტში. როუზი მიღებული ზიანისთვის იბრძვის.

ჰარვი ვაინშტაინის ამჟამინდელმა ადვოკატმა ამერიკულ ტაბლოიდთან, TMZ განაცხადა:

"ერთხელ და სამუდამოდ, ყველას გაჩვენებთ, ვინაა როუზ მაკგოვანი. ადამიანი, რომელიც ხალხის ყურადღებასა და ფულს ეძებს. იმ დროიდან, როდესაც ამ უსაფუძვლო ბრალდებების გამო რამდენიმე მილიონი დოლარი არ გადავუხადეთ, ვიცოდით, რომ ის ეძებდა მომენტს, ამ საქმის ხელმეორედ წამოსაწევად. ჩვენ გიჩვენებთ, რომ მის საქმეს ლეგალური ღირებულება არ გააჩინა".

ორი წლის წინ, შემოდგომაზე, ჰოლივუდი დაუგეგმავმა ონლაინ კამპანიამ, #MeToo მოიცვა. წარმატებული მსახიობი ქალები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის გარყვნილ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. 100-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს. 2018 წლის 25 მაისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის პოლიციამ ბრალი წაუყენა, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქალთან "გაუპატიურების, ძალადობრივი სექსუალური აქტის, სექსუალური შევიწროების და უკანონო სექსუალური ქმედებების" დანაშაულს. ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა და დააპატიმრეს, თუმცა ის 1 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.