რუსთავი 2-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გადასინჯვა ითხოვეს.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:

  • დაუშვებლად ცნო რუსთავი 2-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
  • დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
  • ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან, ურთმელიძესა და თოდუასთან დაკავშირებით;
  • დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით;
  • დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;
  • დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩივანი მხარის მოთხოვნას საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.