ბერა ივანიშვილის მხრიდან ამაზონის ჯუნგლებისთვის გაწეულ დახმარებას თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და "ამორალური" უწოდა საზოგადოებრის ნაწილის კრიტიკას. ამის შესახებ მერმა დღეს, 24 ოქტომბერს ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა:

"ეს მხოლოდ ბრაზილიის პრობლემა არ არის, ეს არის დედამიწის ფილტვები. ის, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს, რომ დავეხმაროთ ცეცხლის ლიკვიდაციაში, ცუდი რა არის ამაში, თან საუბარია ადამიანზე, რომელსაც უამრავი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული საქართველოში. ძირითადად ჩვენ ვისმენდით გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ტიპის განცხადებებს".

ამაზონის ჯუნგლებისთვის 1,1 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვისთვის ბერა ივანიშვილი შეაქეს უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის, სოფო კილაძემ და აკაკი ზოიძემ. მანამდე პრემიერ-მინისტრრმა გიორგი გახარიამ საზოგადოების ის ნაწილი გააკრიტიკა, ვინც უარყოფითად შეხვდა ბერას ქველმოქმედების აქტს. მან "მიუღებელი" და "უსამართლო" უწოდა იმ დისკუსიას, რაც ამ თემის ირგვლივ წამოიჭა, ამასთან, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს გაუსვა ხაზი.