უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, ნუგზარ სხირტლაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის "პოლიტიკური რეჟიმის" დროს დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. წინა ხელისუფლების რეჟიმთან დაკავშირებით მას კითხვა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დაუსვა.

ეკა ბესელია: რეჟიმი რომ იყო, ეთანხმებით? უსამართლო და ძალადობრივი?

ნუგზარ სხირტლაძე: პოლიტიკური რეჟიმი იყო, კი ბატონო, გეთანხმებით.

ბესელია: და თქვენ პოლიტიკური რეჟიმის დროს მსახურობდით დამოუკიდებლად?

სხირტლაძე: დიახ.

ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 1998-1999 წლებში ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ კი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს პალატამ ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ტრანსგენდერი პირი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარს ეუბნებოდნენ ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე, სქესის შეცვლის ოპერაციის არგაკეთების გამო. მისი სარჩელი, ასევე, არ დააკმაყოფილეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც.

მოსამართლე "ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებას" გადაწყვეტილებაში მოიხსენიებს "ერთსქესიანთა ქორწინებად" და განმარტავს:

"კასატორი [ტრანსგენდერი პირი] მიუთითებს, რომ ჩატარებული ჰორმონალური მკურნალობისა და გარეგნული ცვლილებების ფონზე, თავს კომფორტულად გრძნობს და არ საჭიროებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას. ხსენებული პოზიცია იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემასა და დაცვას, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის შეგრძნებები და სუბიექტური შეხედულებები ვერ შეცვლის ფაქტობრივ მოცემულობას — პირის სქესს".