ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი კაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს კაცად აიდენტიფიცირებს.

ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მომჩივანი დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს.

სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია ტრანსსექსუალიზმი. ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია კაცის მახასიათებლებთან. გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს.

2015 წელს მომჩივანმა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდგომ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლა მოითხოვა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოების უარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაასაჩივრა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილეს. მათ განმარტეს, რომ პირს სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა მის ნამდვილ სქესთან.