მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ლელო პროგრეს ბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებასა და გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ ლელოს განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ პროგრეს ბანკი არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია. ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად თიბისი ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ლელოს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. მათი თქმით, ეს განცხადებები ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ მთავარი არხის ეთერში პროგრეს ბანკის აქციების ყიდვაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი ბანკი რესპუბლიკას შეძენას გეგმავდა, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია "ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერა". მისივე თქმით, ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა თხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო.

მისივე თქმით, მან უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც პროგრეს ბანკში "არასასურველი მდგომარეობა" დააფიქსირა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ეჭვები გააჩინა. ეროვნულმა ბანკმა თიბისის მიმართა, პროგრეს ბანკის საეჭვო ტრანზაქციებზე სამართალდამცავებს აცნობოს.

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პროგრეს ბანკის დამფუძნებელი იყო, ამბობს, რომ ბანკს ფულის გათეთრებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც აუდიტი ჩატარებულა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა და 100-პროცენტიან წილს ფლობდა. ბანკი 2016 წლამდე, იმ დრომდე ფუნქციონირებდა, სანამ აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა. 2012 წლიდან ბანკის 21,79 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი რუს ბანკირს, ილია გავრილოვს ეკუთვნოდა. გავრილოვი რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა. დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიის მიხედვით, რომელიც აიფაქტზე გამოქვეყნდა იგი 2015-2016 წლებში პროგრეს ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობდა.