2019 წლის აგვისტოში Instagram-ის განახლებულ აპლიკაციას ახალი ფილტრები დაემატა, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ფოტოებისა თუ ვიდეოების დასამუშავებლად ვირტუალური ეფექტები გამოიყენონ: იქნება ეს ანიმაციური გამოსახულებები თუ პიროვნების სახის ნაკვთების შემცვლელი ფილტრები.

მათ შორის ერთ-ერთი იყო Plastica, რომელიც მომხმარებლის სახეზე ქირურგიული ოპერაციის ეფექტებს ვირტუალურად გამოსახავდა.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ბოლო დროს სოციალური ქსელების გადაჭარბებული მოხმარება ადამიანების გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით კი მოზარდებში, დეპრესიის რისკს ზრდის.

აღმოჩნდა, რომ ინსტაგრამის ფილტრებსაც მსგავსი შედეგი აქვს: ისინი მომხმარებლებს საკუთარი გარეგნობის მიმართ კიდევ უფრო შემზღუდველ დამოკიდებულებას უჩენს და მეტად აფიქრებინებს იმაზე, რომ სხეული უკვე ტრენდული ქირურგიული ოპერაციების საშუალებით უნდა შეიცვალონ.

სწორედ ამის გამო კომპანიამ აკრძალა ის ეფექტები, რომლებიც ადამიანებს მეტად უბიძგებს პლასტიკური ქირურგიას მიმართონ, რადგან ამ ეფექტების გამო ისინი თავს უფრო ნაკლებად მომხიბვლელად გრძნობენ.

"ჩვენ მუდმივად ვანახლებთ კომპანიის პოლიტიკას, რადგან გვინდა, რომ ჩვენმა სერვისებმა მხოლოდ დადებითი ემოციები აღძრას მომხმარებლებში. პლასტიკურ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ეფექტს ამოვიღებთ მოხმარებიდან და ამ გამოცდილებას მომავალშიც გავითვალისწინებთ", - განაცხადა ინსტაგრამის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.