სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა On.ge-ს დაუდასტურა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ქარელის საკრებულოსა და მერიის წევრები. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ქარელის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაპირდა, რომ 2 000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს სოფელ დირბის მაცხოვრებელმა თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა. მათი ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს ეს ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2 000 ლარი აიღო, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბეს გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.