გუგლმა ახლა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ კვანტური აღმატებულობის ფენომენს მიაღწია. ამ ინფორმაციამ პირველად ერთი თვის წინ გაჟონა, როდესაც სამეცნიერო ნაშრომი NASA-ს სერვერებზე შემთხვევით აიტვირთა. ახლა კი ნაშრომი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გუგლის აცხადებს, რომ 54-ქუბიტიანმა პროცესორმა, Sycamore-მა 200 წამში შეასრულა გამოთვლა, რომლის შესასრულებლადაც ყველაზე ძლიერ ჩვეულებრივ კომპიუტერს 10 000 წელი დასჭირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ოპერაციის კლასიკურ, არაკვანტურ კომპიუტერებზე განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ IBM, რომელიც გუგლის მიერ ნახსენები კლასიკური სუპერკომპიუტერის მფლობელია, აცხადებს, რომ გუგლის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

ორშაბათს IBM-მ გაავრცელა პოსტი, სადაც კომპანია აცხადებს, რომ კლასიკური სუპერკომპიუტერით იდენტური გამოთვლის განხორციელება სულ რაღაც ორდღენახევარში შეიძლება და არა 10 000 წელიწადში, როგორც ამას გუგლი ამბობს. IBM-ს თქმით გუგლმა ამ ვარაუდის გამოთქმისას დიდი ზომის მეხსიერება არ გაითვალისწინა. რომელიც, როგორც ჩანს, ამ ოპერაციის შესრულების დროზე ახდენს გავლენას.

მიუხედავად IBM-ის განცხადებისა, სამეცნიერო საზოგადოების დიდი ნაწილი გუგლის განცხადებას სიხარულით შეხვდა. The New York Times-ის მიერ გამოკითხული ერთ-ერთი მეცნიერი გუგლის ამ მიღწევას 1903 წელს ძმები რიტების მიერ განხორციელებულ პირველ გაფრენასაც ადარებს.

შესაძლოა, ჯერ კიდევ მრავალი წელი გვაშორებდეს იქამდე, სანამ კვანტური კომპიუტერები პრაქტიკული დავალებების შესრულებას დაიწყებენ, თუმცა გუგლის ეს მიღწევა, შესაძლოა, იყოს იმის მანიშნებელი, რომ ასეთი მომავალი ნამდვილად რეალობაა.

ამავე თემაზე: